სემინარი – „ახალგაზრდები მდგრადი განვითარების მიზნებისთვის“
დღეს, მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ახალგაზრდული კამპანიის ფარგლებში გაიმართა სემინარი თემაზე „ახალგაზრდები მდგრადი განვითარების მიზნებისთვის“.
დღეს, მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ახალგაზრდული კამპანიის ფარგლებში გაიმართა სემინარი თემაზე „ახალგაზრდები მდგრადი განვითარების მიზნებისთვის“.
შეხვედრა ჩატარდა კამპანიის „ახალგაზრდები მდგრადი განვითარების მიზნებისთვის – Youth For SDGs” ფარგლებში, რომელიც საქართველოში გაეროს წარმომადგენლობის ინიციატივით დაიწყო. კამპანია ხორციელდება საქართველოში გაეროს წარმომადგენლობისა და გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლის ფინანსური მხარდაჭერით. კამპანიის მიზანია ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლება გაეროს საქმიანობისა და ახალი 15 წლიანი გეგმის შესახებ, რომელსაც მდგრადი განვითარების მიზნები ეწოდება.
შეხვედრაზე მოხსენებით წარსდგნენ საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში – მარიამ სიხარულიძე, ახალგაზრდული განვითარების ცენტრი – XXI და საქართველოს ახალგაზრდების განვითარებისა და განათლების (GYDEA) წარმომადგენლები, რომლებიც ახალგაზრდებს ესაუბრნენ თუ რას ნიშნავს იყო საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში, აგრეთვე რას საქმიანობს გაერო ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე და 2015 წელს შემუშავებულ 17 მიზანზე, რომლის განხორციელების ვალდებულებაც აიღო გაეროს 193 ქვეყანამ 2030 წლამდე.
მომხსენებლებმა, ასევე ისაუბრეს მიმდინარე პროცესებში ახალგაზრდობის ჩართულობის აუცილებლობის შესახებ და თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ახალგაზრდობის აქტივიზმი და მათი მონაწილეობა ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის.
მაისში, კამპანიის ფარგლებში გამოცხადდება კონკურსი, სადაც ახალგაზრდებს შეეძლებათ ნამუშევრების მომზადება მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ. გამარჯვებული ახალგაზრდები დაჯილდოვდებიან ფულადი პრემიებით და გაეროს სერთიფიკატებით. კონკურსის შესახებ ინფორმაცია გავრცელდება მედიასა და სოციალური ქსელების საშუალებით. კამპანიის ფარგლებში უკვე შედგა მსგავსი ტიპის შეხვედრები ჭიათურასა და ქუთაისში, ხოლო მარნეულის შემდეგ ჩატარდება ახალციხეში, ბათუმსა და თბილისში.
დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდნენ გამგეობის თანამშრომლები, საგანმანათლებლო რესურს ცენტრის წარმომადგენლები, ახალგაზრდები, საჯარო სკოლის მოსწავლეები და საკითხით დაინტერესებული პირები.
შეხვედრა გამოირჩეოდა სხვადასხვა აქტივობით და დამსწრე აუდიტორიის მაღალი ჩართულობით. მათ შეასრულეს პრაქტიკული დავალება მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ. შეხვედრის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ მომხსენებლებისთვის დაესვათ შეკითხვები და მიეღოთ ამომწურავი პასუხები.