იმირის გადაჭრილ გორაზე სამუზეუმო სივრცის მოწყობის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა
დღეს, 8 ივნისს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მცირე საკონფერენციო დარბაზში ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით, გაფართოებული სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
დღეს, 8 ივნისს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მცირე საკონფერენციო დარბაზში ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით, გაფართოებული სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მიზანს სოფელ იმირში, ძვ.წ. VI ათასწლეულით დათარიღებული არქეოლოგიური აღმოჩენების ადგილზე, ღია მუზეუმის სივრცის მოწყობის განსახორციელებლად, შესაბამისი არქიტექტურული კონცეფციის შემუშავებისა და საჭირო ღონისძიებების გატარებების გეგმების დეტალური განხილვისა და ფუნქციათა გადანაწილება წარმოადგენდა.
სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ასოციაცია „ქართული ღვინოს“, ღვინის ეროვნული სააგენტოს, ქვემო ქართლის გუბერნიის, ადგილობრივი ხელისუფლების, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს, ეროვნული მუზეუმის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს კვლევითი ცენტრისა და არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელები.
შეხვედრაზე, მოხსენებით გამოვიდა ექსპედიციის ხელმძღვანელი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი მინდია ჯალაბაძე, რომელმაც აღნიშნული ძეგლის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ამ წლების განმავლობაში ძეგლზე გაწეული არქეოლოგიური სამუშაოების ანალიზი წარმოადგენა. აგრეთვე, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინა მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა ელგუჯა კუპატაძემ. მუზეუმის მოწყობის კონცეფცია კი კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენელმა ირმა დოლიძემ წარმოადგენა. მომხსენებლების შემდეგ, შეხვედრისას სხვადასხვა უწყებათა სპეციალისტების შემადგენლობით სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც სამომავლოდ მუზეუმის მოწყობის საკითხებზე იმუშავებს.
შეგახსენებთ, რომ 2014 წლიდან საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარეობს ღვინის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და ასოციაცია „ქართული ღვინოს“ ერთობლივი საერთაშორისო პროექტი „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევა’’, რომელიც ხელს შეუწყობს მსოფლიოში ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის განვითარებასა და პოპულარიზაციას. პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს საველე-არქეოლოგიური გათხრები ნეოლითური ხანის ნასოფლარზე - გადაჭრილ გორაზე და საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი სხვადასხვა ისტორიული ეპოქების ვაზის ნაშთების ინტერდისციპლინარული კვლევა.
ქართველ მეცნიერებთან ერთად პროექტში მონაწილეობენ პენსილვანიის, მონპელიეს, მილანის, კოპენჰაგენის, ტორონტოს უნივერსიტეტის, ისრაელის ვაისმანის ინსტიტუტისა და მონპელიეს აგრარული კვლევის ინსტიტუტის მკვლევარები.
პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი დავით ლორთქიფანიძე. პროექტის მენეჯერია ლევან დავითაშვილი, პროექტის კორდინატორია დავით მაღრაძე. ექსპედიციის ხელმძღვანელია ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური კოლექციების მთავარი კურატორი მინდია ჯალაბაძე.
წელს პროექტში მონაწილეობენ საქართველოს ეროვნული მუზეუმის და ტორონტოს უნივერსიტეტის საზაფხულო პროგრამის მონაწილე სტუდენტები. პროგრამის მიზანია ქართული კულტურული მემკვიდრეობის, მისი შემსწავლელი მეცნიერების - საქართველოს ისტორიისა და ისტორიული დისციპლინების - არქეოლოგიის, ეთნოლოგიის, პალეობოტანიკის პოპულარიზაცია. პროგრამა მიმდინარეობს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით.