შეხვედრა ეთნიკურ უმცირესობებსა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლებს შორის
18 ივლისს ,,დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში’’ მოეწყო შეხვედრა ეთნიკურ უმცირესობებსა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლებს შორის.
მთავარი თემა იყო განათლების სფეროში არსებული პრობლემების განხილვა. კერძოდ კი, პროგრამების-,,ქართული ენა მომავალი წარმატებისათვის’’ და ,,ვასწავლოთ ქართული როგორც მეორე ენა’’ შედეგების განხილვა; აზერბაიჯანულენოვანი სკოლების სახელმძღვანელოების თარგმანში დაშვებული შეცდომები; კვალიფიციური პედაგოგებისა და ადმინისტრაციის პრობლემა აზერბაიჯანულენოვან სკოლებში; პროგრამა ,,1+4’’-ის განხილვა; ქართული ენის სწავლების ხარისხი აზერბაიჯანულენოვან სკოლებში; ქართული ენის სახლების საქმიანობის მიმოხილვა და შედეგები. დისკუსიის შედეგად გამოიკვეთა დამატებითი პრობლემები, მაგრამ მიუხედავად არსებული პრობლემებისა დადებითად შეფასდა ,,ქართული ენა მომავალი წარმატებისათვის’’და ,,ვისწავლოთ ქართული როგორც მეორე ენა’’ პროგრამის საქმიანობა. ამ პროგრამას 2012 წლიდან ანხორციელებს განათლების სამინისტრო. პროგრამის ფარგლებში, მარნეულში გამოგზავნილ ქართული ენის პედაგოგებს ევალებათ არა მხოლოდ გაკვეთილების ჩატარება, არამედ სკოლებში მომუშავე აზერბაიჯანულენოვან პედაგოგებთან და სოფლის ყველა ასაკის ადამიანთან მუშაობა. მათ შეუძლიათ სხვადასხვა პროგრამებით ისწავლონ ქართული ენა.