პოლონეთის მხარესა და მარნეულს შორის მემორანდუმი
დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტს პოლონეთის რესპუბლიკიდან პომერანიის სავოევოდოს, კობილნიცის და კარტუზიის წარმომადგენლობითი დელეგაცია ესტუმრა.
დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტს პოლონეთის რესპუბლიკიდან პომერანიის სავოევოდოს, კობილნიცის და კარტუზიის წარმომადგენლობითი დელეგაცია ესტუმრა. აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში მარნეულისა და კობილნიცას თვითმმართველობებს შორის ეკონომიკური განვითარებისა და პარტნიორული კავშირების ხელშეწყობის მიზნით ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 5 წლიანი ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს თვითმმართველობებს შორის თანამშრომლობის პოპულარიზაციას, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ეკონომიკური საქმიანობის და ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობას სასწავლო გაცვლითი პროგრამების სახით. ვიზიტის ფარგლებში, დღესვე შეხვედრები გაიმართა ქვემო ქართლის მხარის გუბერნიასა და ქალაქ რუსთავის მერიაში. მომავალ დღეებში პოლონელი სტუმრები ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტს ეწვევიან. პოლონელი დელეგაციის წევრებთან შეხვედრას, მხარის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოს ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე სტუმრებისთვის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური, კულტურული და ტურისტული პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია მოეწყო. დღესვე მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა და კობილნიცას კობილნიცის გმინის გამგებელმა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელს. შეგახსენებთ, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტმა პოლონეთის პომერანიის სავოევოდოსთან საქმიანი კავშირები აქტიურად ჯერ კიდევ გასულ წელს დაამყარა. შედეგად, ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის მოწყობილ სასწავლო შეხვედრებზე მცირე მეწარმეობისა და ტურიზმის განვითარების მიმართულებით პრაქტიკის გაზიარების მიზნით განხორციელდა რამოდენიმე სასწავლო ვიზიტი პოლონეთში. პოლონეთის დელეგაციის შემადგენლობაში პომორსკის მხარის ვიცე-მარშალი კრისტოფ ტრავიცკი, კარტუზის პოვიატისა და კობილნიცის გმინის გამგებლები იანინა კვიეჩიენი, ლეშეკ კულინსკი და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა ოფიციალური პირები შედიან.