დედამიწის დღეს მარნეული მასშტაბური ღონისძიებებით შეუერთდა
დღეს, 22 აპრილს მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე დიდი გარემოსდაცვითი ღონისძიება დედამიწის დღე აღინიშნება, რომელსაც მარნეულის მუნიციპალიტეტი მასშტაბური დასუფთავების და გამწვანების აქციით შეუერთდა და დედამიწის დაცვის საქმეში თავისი წვლილი შეიტანა.
დღეს, 22 აპრილს მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე დიდი გარემოსდაცვითი ღონისძიება დედამიწის დღე აღინიშნება, რომელსაც მარნეულის მუნიციპალიტეტი მასშტაბური დასუფთავების და გამწვანების აქციით შეუერთდა და დედამიწის დაცვის საქმეში თავისი წვლილი შეიტანა. მუნიციპალიტეტის თვრამეტივე ადმინისტრაციულ ერთეულში მოეწყო მასშტაბური დასუფთავების აქციები. დასუფთავდა დაბინძურებული ტერიტორიები, ღირსშესანიშნავი ადგილები და ცენტრალური მაგისტრალები. დასუფთავების აქციაში მონაწილეობდა თვითმმართველობის 120 თანამშრომელი, კერძო სტრუქტურის წარმომადგენლები, ადგილობრივი მოსახლეობა, სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და ახალგაზრდები. ასევე, სოფელ კასუმლოს საჯარო სკოლის ტერიტორიაზე ორგანული ნარჩენების გადამამუშავებელმა საწარმომ უზრუნველყო მყარი ნარჩენების სეპარირებისთვის განსაზღვრული პლასტმასის ურნების დადგმა. აღსანიშნავია, რომ დასუფთავების აქციების შედეგად შეგროვილი ნარჩენების გატანა მუნიციპალიტეტმა უზრუნველყო. ასევე, სოფელ საიმერლოში ჩატარდა გამწვანების აქცია ადგილობრივი ახალგაზრდებისა და თვითმმართველობის წარმომადგენლების აქტიური მონაწილეობით, დაირგო 50 ცალი ფიჭვის ნერგი, რომლის უსასყიდლოდ გადმოცემა ეროვნულმა სანერგე მეურნეობამ უზრუნველყო. სამომავლოდ, აქციაში მონაწილე ახალგაზრდები უზრუნველყოფენ ნერგების მოვლა–პატრონობას. ადგილობრივი ახალგაზრდების ინიციატივით პროექტ „დავასუფთაოთ საქართველოს“ ფარგლებში, დასუფთავდა სოფელ ალგეთის დაბინძურებული ტერიტორიებიც. შეგახსნებთ, რომ დედამიწის დღე პირველად 1970 წელს აღინიშნა, როდესაც ცნობილი ამერიკელი გარემოს დამცველი სენატორის, გეილორდ ნელსონის მოწოდებით 20 მილიონი ამერიკელი გამოვიდა დედამიწის დასაცავად, რადგან სანტა ბარბარას საბადოდან ნავთობი დაიღვარა, რის შედეგადაც ოკეანე დაბინძურდა და წყლის ბინადრები დაიხოცა. საქართველოში დედამიწის დღე პირველად 1990 წელს, საქართველოს მწვანეთა მოძრაობის ინიციატივით აღინიშნა და მას შემდეგ ყოველწლიურად ამ ღონისძიებას უერთდება მრავალი ორგანიზაცია და მოხალისე, რომლებიც ანხორციელებენ სხვადასხვა ტიპის გარემოსდაცვით საქმიანობას მთელი ქვეყნის მასშტაბით.