მარნეული კონკურს-ფესტივალს „სხვა საქართველო სად არის“ მასპინძლობს
მარნეულის მუნიციპალიტეტი, მეორე წელია ტრადიციულად მასპინძლობს ქართული სიმღერის კონკურს-ფესტივალს „სხვა საქართველო სად არის“.
მარნეულის მუნიციპალიტეტი, მეორე წელია ტრადიციულად მასპინძლობს ქართული სიმღერის კონკურს-ფესტივალს „სხვა საქართველო სად არის“. ფესტივალში მონაწილეობას ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდა შემსრულებლები იღებენ. ამ ეტაპისთვის, პროექტის ფარგლებში შესარჩევი ტურები იმართება, სადაც კომპეტენტური ჟიურის მიერ, რომელიც დაკომპლექტებულია ქართული ესტრადის ცნობილი წარმომადგენლებით, ფინალური ტურის მონაწილე კონკურსანტების შერჩევა ხდება. დღეს, ფესტივალის პირველი ტურის შესარჩევ ღონისძიებას ქვემო ქართლის გუბერნიისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, კონკურსანტები და გულშემატკივრები ესწრებოდნენ. ფესტივალის გალა–კონცერტი 13 ივნისს გაიმართება, სადაც გამარჯვებულ კონკურსანტებს ორგანიზატორებისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სახელით სხვადასხვა პრიზები გადაეცემათ. პროექტის მიზანია ქართული ტრადიციული სასიმღერო კულტურის შესწავლა - პოპულარიზაცია როგორც ქართველ, ისე საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ მოზარდებში. პროექტი, მოიცავს ქვემო ქართლის რეგიონს, რომელიც ხელს შეუწყობს ამ რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს, რათა მოახდინონ თავიანთი შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენა, ერთმანეთისთვის გაცნობა და ფართო აუდიტორიის წინაშე წარმოჩენა. აღნიშნული პროექტი, კავშირი „დემოსის“ და შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო ცენტრის ინიციატივით შემუშავდა, რომელიც მარნეულის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, კულტურის სახლში მეორე წელია წარმატებით ხორციელდება.