26 მაისი მარნეულში გრანდიოზულად აღინიშნა
26 მაისს, მარნეულის მუნიციპალიტეტში საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის დაარსების 101 წლისთავისადმი მიძღვნილი გრანდიოზული ღონისძიება გაიმართა.
26 მაისს, მარნეულის მუნიციპალიტეტში საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის დაარსების 101 წლისთავისადმი მიძღვნილი გრანდიოზული ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, დილიდან გამოიფინა სამხედრო ტექნიკა. მოეწყო სხვადასხვა კულტურული, სპორტული ღონისძიებები და თემატური გამოფენები.
მარნეულის ბიბლიოთეკის სკვერში წარმოდგენილი იყო მუნიციპალიტეტში არსებული, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და მერიის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების ფოტო- გამოფენა.
ადგილობრივებისთვის, დამოუკიდეებლობის დღის მისალოცად, მარნეულს ეწვივნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლში შოთა რეხვიაშვილი.
სადღესასწაულო ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ მარნეულის მაჟორიტარი- დეპუტატები თამაზ ნავერიანი და რუსლან გაჯიევი, მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები .
აღსანიშნავია, რომ ანსამბლ „აღსავალისა“ და ახალგაზრდა მომღერალ შაბან მამედოვის მიერ, ერთობლივად შესრულდა საქართველოს ჰიმნი.
ღონისძიების პირველ ნაწილში მოსახლეობის წინაშე სხვადასხვა მუსიკალური თუ საცეკვაო ნომერებით წარდგნენ კულტურის ცენტრთან არსებული შემოქმედებითი კოლექტივები.
დღის ბოლოს ანსამბლ „მგზავრებისა“ და თეატრალური კვარტეტის მონაწილეობით გალა-კონცერტი გაიმართა.
26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიება მარნეულში ფოიერვერკით დასრულდა.