ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე მივიდნენ
24 ოქტომბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები მარნეულის კულტურის სახლის ეზოში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე მივიდნენ და აქციის მონაწილეებს სოლიდარობა გამოუცხადეს.
მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრთან არსებული ქალთა კლუბის მიერ ინიცირებული აქცია, რომლის სლოგანი იყო არა ძალადობას! არა ფემიციდს!- მიზნად ისახავდა საზოგადოების ფართო მასების ცნობიერების ამაღლებას ძალადობის შესახებ და მათი ყურადღების მიპყრობას ისეთი მნიშვნელოვანი საკითხებისადმი როგორიცაა ქალთა მიმართ გახშირებული ძალადობა, აგრეთვე მსჯელობას მათ გამომწვევ მიზეზებსა და პრევენციის გზებზე. ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა ხელი მოაწერეს პეტიციას, რომელიც ეხებოდა ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისთვის სპეციალური განყოფილების შექმნას და ქალთა მიმართ ძალადობის აღსაკვეთად სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებას. პეტიციის ადრესატი იყო შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს პრემიერ მინისტრი. მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა: „რათქმაუნდა ყოველგვარი ძალადობა მიუღებელია, ამიტომ ჩვენ ვგმობთ მას! პრობლემა გლობალურია და ამას მსოფლიოს სტატისტიკური მონაცემებიც ადასტურებს. სამწუხაროა, რომ დღეს ჩვენს რაიონშიც საჭირო გახდა საუბარი ქალის უფლებების დაცვაზე, მაშინ, როცა დედის და ზოგადად ქალის პატივისცემა ქართველებისა და აზერბაიჯანელებს ერის კულტურაში გვაქვს ჩადებული. ძალადობის ფაქტების პრევენციის მიზნით საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს და ჩვენც ადგილობრივ დონეზე ყველაფერს გავაკეთებთ, იმისათვის, რომ პრობლემის წინააღმდეგ მუშაობა კომპლექსურად მოხდეს.“ {AG}2014.10.24-aqcia.dzaladobis.winaagmrdeg{/AG}