გამგეობის თათბირი 18.11.2014
დღევანდელ ყოველკვირეულ თათბირს, რომელიც გამგებლის მოადგილეებმა ზაურ ტაბატაძემ, თემურ ბერიძემ და ქამანდარ ისმაილოვმა ჩაატარეს, სამსახურებისა და სსიპ-ს ხელმძღვანელებთან, შპს- დირექტორებთან და ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებთან ერთად განიხილეს მიმდინარე პროექტები და მუშაობის პროცესში წარმოქმნილი პრობლემების გადაჭრის გზებზეც იმსჯელეს.
თათბირზე ძირითადად საუბარი შეეხო შეშით მომარაგების, დასუფთავების მოსაკრებელის, წყლის გამრიცხველიანებისა და საბავშო ბაღების დროული ექსპლუატაციის საკითხებს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მარნეულის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსმა ნუკრი მემარნიშვილმა მიწების აღრიცხვიანობის სრულყოფილების საჭიროებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აუცილებელია სახელმწიფოსა და ფერმერთა მფლობელობაში არსებული მიწების გამიჯნვა. მემარნიშვილის თქმით, რაიონის მასშტაბით უკვე დაწყებულია საშემოდგომო ხვნა- თესვის პროცესი და უკვე ითესება ხახვი და ხორბლი. ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსმა მამუკა ნავერიანმა გამგეობის მიერ სოციალური დახმარების პროგრამის ფარგლებში გაწეული სამუშაოების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, გასულ კვირას 22 ადამიანს 10 133 ლარის ოდენობის დახმარება გაეწია. მან ასევე ისაუბრა სპორტის სფეროში რაიონის ძიუდოისტების წარმატებაზე. მარნეულის კულტურის სახლის დირექტორმა ბესარიონ ფაღავამ კულტურის სახლის კეთილმოწყობის სამუშაოების მიმდინარეობასა და წინასაახალწლო მზადებაზე ისაუბრა. მისი თქმით, კულტურის სახლის ცენტრალური გათბობის სისტემით უზრუნველყოფის მიზნით, უახლოეს დღეებში გამოცხადდება ტენდერი. ამ ეტაპზე კი მიმდინარეობს შენობის ინტერიერის რეკონსტრუქცია. {AG}2014.11.18-gamgeobis.tatbiri{/AG}