დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები ალგეთში
მარნეულის მუნიციპალიტეტის ალგეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე წელს, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული მნიშვნელოვანი პროექტები დასრულდა.
მარნეულის მუნიციპალიტეტის ალგეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე წელს, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული მნიშვნელოვანი პროექტები დასრულდა.
სოფელ ალგეთში დასრულდა ერთ-ერთი ქუჩის სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია, რომელიც სასმელი წყლით ამავე ქუჩის 500 მოსახლეს მოამარაგებს. აღსანიშნავია, რომ სარემონტო სამუშაოების პროცესში დასაქმდა 10 ადამიანი. სოფელ ალგეთის სასმელი წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „დავითი“ ასრულებდა, რომლის ღირებულება 35, 000 ლარს შეადგენს. ინფრასტრუქტურული პროექტი მარნეულის მუნიციპალიტეტის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ განხორციელდა.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, სასმელი წყლის მოწყობა მოხდა სოფელ საბირკენდშიც, რომელიც სასმელი წყლით სოფელ საბირკენდის 320 მოსახლეს მოამარაგებს. მიმდინარე სამუშაოებზე დასაქმდა 6 ადამიანი. სოფელში სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „გულივერ შუბითიძე“ ასრულებდა, რომლის ღირებულება 30, 000 ლარს შეადგენს.
სასმელი წყლის მოწყობის გარდა, სოფელ ალგეთსა და სოფელ საბირკენდში მოხდა შიდა გზების მოხრეშვა, რომელიც 740 და 2400 მეტრიანი გზების მონაკვეთების რეაბილიტაციას გულისხმობს. აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტების სარემონტო სამუშაეოებს შპს „გიო და დათი“ ასრულებდა, რომლის ფარგლებში საერთო ჯამში 8 ადამიანი დასაქმდა. პროექტის ღირებულებამ სოფელ ალგეთში 10,000 ხოლო სოფელ საბირკენდში 28, 122 ლარი შეადგინა.
გარდა ამისა, მიმდინარე წელს სოფელ ალგეთსა და სოფელ თაზაკენდში მოხდა ქუჩების გარე განათების მოწყობა, რომლის სამონტაჟო სამუშაოებს შპს „ჯი ემ ჯი XXI” ასრულებდა. აღნიშნული პროექტების ღირებულება სოფელ ალგეთში 31, 435 ხოლო სოფელ თაზაკენდში 22,587 ლარი შეადგინა. მიმდინარე სამუშაოებში, ჯამში დასაქმდა 8 ადამიანი.
აგრეთვე მოხდა 2 კილომეტრიანი სარწყავი არხის მილმდენის მოწყობა სოფელ აზიზკენდში, რომლის სარემონტო სამუშაოებს შპს „თეგი“ ასრულებდა. სარემონტო სამუშაოების პროცესში დასაქმდა 6 ადამიანი, პროექტის ღირებულებამ კი 45, 480 ლარი შეადგინა. მომავალ წელს იგეგმება აღნიშნული სარწყავი არხის დაქსელვითი სამუშაოები.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პროექტები მარნეულის მუნიციპალიტეტის ალგეთის ადმინისტრაციულ ერთეულში „სოფლის პროგრამის მხარდაჭერის“ ფარგლებში განხორციელდა.