შეხვედრა თემაზე - გოგონების უფლებები და ადრეული ქორწინება
დღეს, მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის ორგანიზებით, გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა თემაზე - გოგონების უფლებები და ადრეული ქორწინების პრევენცია.
დღეს, მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის ორგანიზებით, გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა თემაზე - გოგონების უფლებები და ადრეული ქორწინების პრევენცია.
შეხვედრას ესწრებოდნენ, როგორც ქართული, ისე ეთნიკურად არაქართულენოვანი საჯარო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები, არასამათავრობო ორგანიზაციის, ადგილობრივი თვითთმმართველობის და საგანმანათლებლო რესურცენტრის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.
შეხვედრის მიზანს იძულებითი და ნაადრევი ქორწინების სამართლებრივი რეგულაციების გაცნობა და ნაადრევი ქორწინებით გამოწვეული რისკების, საფრთხეების და უარყოფითი შედეგების შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ოჯახური ძალადობის ფაქტებსაც. ორგანიზატორებმა დამსწრე აუდიტორიას განუმარტეს მსგავსი პრობლემების შემთხვევაში, თუ როგორ უნდა მოიქცნენ და რომელ დაწესებულებას უნდა მიმართონ.
შეხვედრის პირველი ნაწილი თეორიული მასალის გაცნობას დაეთმო, მეორე ნაწილი კი დისკუსიის რეჟიმში წარიმართა, სადაც შეხვედრის თითოეულ მონაწილეს შეეძლო მოეყოლა მის თემში არსებული მსგავსი ფაქტების შესახებ და ემსჯელა პრობლემის მოგვარებაზე.
როგორც შეხვედრაზე განმარტეს, ადრეული ქორწინება არის რეგისტრირებული ან არარეგისტრირებული კავშირი ორ ადამიანს შორის, რომელთაგან ერთ–ერთს ჯერ არ მიუღწევია სრულწლოვანების ასაკისათვის. ადრეულ ასაკაში ქოწინება მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ბავშვის ინდივიდუალურ განვითარებაზე, რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, საზოგადო და სოციალური ცხოვრების დონეზე. ჩამოთვლილი უფლებები დაცულია გაეროს უფლებათა დეკლარაციით, ბავშვის უფლებათა კონვენციითა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ქორწინება დაიშვება 18 წლის ასაკიდან. 16 წელს მიღწეული არასრულწლოვანი პირის ქორწინება დაიშვება მშობლების ან მზრუნველის თანხმობით. ადრეული ქორწინებისას, 16 წლამდე ასაკში, ქორწინება არ რეგისტრირდება.
სახელმწიფო იღებს ვალდებულებას დაიცვას ბავშვი ნებისმიერი იძულებითი ქმედებისგან, რაც საზიანოა მისი განვითარებისათვის, მსგავსი პრობლემის შემთხვევაში მოქალაქეს შეუძლია მიმართოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საპატრულო პოლიციას, რომელთან დასაკვშირებლად უნდა დარეკოთ ნომერზე 112; სოციალური მომსახურების საგენტოს, ცხელი ხაზი – 15 05; სკოლის დირექტორს და სკოლის ფსიქოლოგოს, სამედიცონო დაწესებულებას, სოფლის ექიმებს და სახალხო დამცველის აპარატს , რომელთან დაკავშირებასაც შეძლებთ მითითებულ ნომერზე – 2 91 38 14/15, აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის აპარატის წარმომდგენელის ოფისი არის მარნეულშიც შემდეგ მისამართზე :რუსთაველის ქუჩა 51, ტელ: (0375) 22 19 70; 593 17 18 55;