სახელმწიფო სტრატეგიისა და 2015-2020 წლების სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია
დღეს, გამგეობის დიდ საკონფერენციო დარბაზში სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიისა და 2015-2020 წლების სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გაიმართა.
დღეს, გამგეობის დიდ საკონფერენციო დარბაზში სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიისა და 2015-2020 წლების სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გაიმართა.
პრეზენტაცია მუნიციპალიტეტის თემის ლიდერებს და დაინტერესებულ მოსახლეობას ქვემო ქართლში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის წარმომადგენელმა ზაურ დარგალმა წარუდგინა, რომელმაც დეტალურად განიხილა დოკუმენტი და დამსწრე საზოგადოებას აუხსნა მისი მნიშვნელობა.
შეხვედრის მიმდინარეობა მოინახულა მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა, იგი მიესალმა დამსწრე აუდიტორიას და „სახელმწიფო სტრატეგიისა და 2015-2020 წლების სამოქმედო გეგმის“ შესრულების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
შეხვედრას ესწრებოდნენ თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, გამგეობის თანამშრომლები, თემის ლიდერები და სხვა დაინტერესებული პირები.
შეგახსენებთ, რომ სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგია და 2015-2020 წლების სამოქმედო გეგმა საქართველოს მთავრობამ 2015 წლის 17 აგვისტოს დაამტკიცა, რომლის მიზანია სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის უზრუნველყოფა, რათა საქართველოს მოქალაქეებმა, განურჩევლად მათი ეთნიკური წარმომავლობისა, თავიანთი წვლილი შეიტანონ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, დემოკრატიულად განვითარების პროცესში. სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის უზრუნველყოფა, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ქვეყანაში ეთნოსთაშორისი და ინტერკულტურული მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას.
ინდივიდთა შორის თანასწორობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის უზრუნველყოფა არის საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების, კონვენციების შესაბამისად, ქვეყნის მიერ აღებული პოზიტიური ვალდებულება, რომელიც გულისხმობს არა მხოლოდ შესაბამისი საკანონმდებლო სივრცის შექმნას, არამედ უფლებათა რეალიზაციის ხელშეწყობასაც.
ინდივიდთა შორის თანასწორუფლებიანობის უზრუნველყოფა ეთნიკურ უმცირესობათა უფლებების დაცვა და მრავალფეროვნებასა და პლურალიზმზე დაფუძნებული საზოგადოების ხელშეწყობა განაპირობებს ქვეყნის დემოკრატიულობის ხარისხსა და განვითარებას, რაც ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა.
დოკუმენტის ამოცანაა საჯარო უწყებების მიერ ეთნიკურ უმცირესობათა დაცვის მიმართულებით განსახორციელებელი საქმიანობის ხელშეწყობა, უწყებათაშორისი კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა და ერთიანი, თანმიმდევრული პოლიტიკის ჩამოყალიბება და რეალიზება საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში ეთნიკურ უმცირესობათა ჩართულობის გასაუმჯობესებლად.
ვინაიდან , საქართველო მრავალეთნიკური ქვეყანაა, კანონი თითოეულ ადამიანს თანაბარ უფლება-მოვალეობებს ანიჭებს და იცავს მის იდენტობას. საქართველოს ყოველი მოქალაქე ქვეყნის სიძლიერის წყარო და ფასეულობაა.
საქართველოს ხელისუფლება აცნობიერებს მის წინაშე მდგარ ამოცანებს ეთნიკური უმცირესობების უფლებათა დაცვისა და გაძლიერების, აგრეთვე სამოქალაქო თანასწორობაზე დაფუძნებული დემოკრატიული საზოგადოების განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით, სწორედ ამიტომ ეთნიკურ უმცირესობათა გაძლიერების უზრუნველსაყოფად და აღებული პოზიტიური ვალდებულებების შესასრულებლად შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ხელმძღვანელობით შემუშავდა წინამდებარე „სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგია და 2015–2020 წწ. სამოქმედო გეგმა“.