სადახლოში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა
დღეს, 16 თებერვალს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოში, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა.
დღეს, 16 თებერვალს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოში, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა.
გახსნის საზეიმო ცერემონიას მინისტრის პირადი მიწვევით ესწრებოდნენ საფრანგეთის სენატის წევრები პასკალ ალიზარი, ჟიზელ ჟურდა და ფაბრის ჰუგო, რომლებიც საქართველოში ვიზიტად იმყოფებიან. ასევე ქვემო ქართლის სახელმწიფო რწუნებულ-გუბერნატორის მოადგილეები კახაბერ გუგეშაშვილი, მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი მოადგილეებთან, საკრებულოს თავჯდომარე ნაბი აბდულაევთან მოადგილესთან და თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ლიბერთი ბანკის, მაგთიკომის, იუსტიციის სამინისტროს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, სახელმწიფო უწყებების, კერძო სექტორისა წარმომადგენლები სხვა მოწვეული სტუმრები.
აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივი ცენტრების განვითარება, საქართველოში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ერთ-ერთი ინიციატივაა, რომელიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის მიზანს კი მოსახლეობისთვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და სოფლის განვითარებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნა წარმოადგენს.
ახლად გახსნილი საზოგადოებრივი ცენტრი სადახლოს ტერიტორიულ ერთეულში მცხოვრებ 15 000-მდე მომხმარებელს მოემსახურება. ცენტრში იმუშავებს უფასო ინტერნეტი, კომპიუტერები და ვიდეოკონფერენციის აპარატურა. აქვე განთავსებულია ელექტრონული ბიბლიოთეკაც; საზოგადოებრივი ცენტრების თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი საკონფერენციო დარბაზით სარგებლობა კი ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებსაც შეეძლებათ.
აღსანიშნავია, რომ სოფელ სადახლოს საზოგადოებრივ ცენტრში ათამდე ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდა, ხოლო მკვიდრი და მიმდებარე სოფლის მოსახლეობა საჯარო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისით ისარგებლებს. საზოგადოებრივ ცენტრში კომფორტულ გარემოში მოსახლეობა მარტივად შეძლებს დაბადების მოწმობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიღებას; ქონების, მიწის რეგისტრაციას და სხვ. გარდა სახელმწიფო სერვისებისა, ადგილობრივები საზოგადოებრივ ცენტრში ისარგებლებენ „ლიბერთი ბანკისა“ და „მაგთიკომის“ მომსახურებით; შედეგად, ყველა ამ სერვისისთვის სოფლიდან გასვლა აღარ მოუწევთ, რაც მათ დროსა და ფინანსებს დაზოგავს.
ამჯამად ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებს 30 საზოგადოებრივი ცენტრი შემდეგ სოფლებში და დაბებში: კაჭრეთი, ყვარელწყალი/დუისი,მუხაესტატე,გეგუთი, მეჯვრისხევი, შაშიანი, სართიჭალა, გომი, რუისი, ხევი, მანგლისი, კოდა, შორაპანი, ნიგოითი, ჭალადიდი, ჯვარი, ფოკა, ხიდისთავი, ნუკრიანი, კორბოული, ღორეშა, კაზრეთი, შილდა, ორსანტია, ქვემო ნატანები, კაბალი, ლენტეხი, ჩაქვი და ხრეითი, სადახლო.
მშენებლობის პროცესშია 6, რომელიც უახლოეს მომავალში დასრულდება და დაიწყებს ფუნქციონირებას.
საზეიმო გახსნის შემდეგ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, ჟურნალისტთან რამილია ალიევასთან ერთად მკვიდრ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა. მინისტრი ადგილობრივ ქალბატონებს და სკოლის მოსწავლეებს ჟურნალისტის მაგალითზე იმ წარმატებაზე ესაუბრა, რომელიც სახელმწიფო ენის სრულყოფილ ცოდნას უკავშირდება. სადახლოშიც, სხვა მრავალი საზოგადოებრივი ცენტრის მსგავსად, ქართული ენის შემსწავლელი უფასო კურსები ამოქმედდება. ეს ადგილობრივ მოსახლეობას საშუალებას მისცემს, სოფლიდან გაუსვლელად სრულიად უფასოდ დაეუფლოს ქართულ ენას.
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ადგილობრივებს ახალი პროექტის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია. პროექტი „ვარ საზოგადოებრივი ცენტრის მოხალისე“ ყველა იმ სოფელში განხორციელდება, სადაც საზოგადოებრივი ცენტრი ფუნქციონირებს. მოხალისეებად უფროსკლასელები იმუშავებენ და საზოგადოებრივ ცენტრში მისულ მომხმარებლებს დახმარებას გაუწევენ ინტერნეტის მეშვეობით ინფორმაციის მოპოვებაში, ტექსტის აკრეფაში, ბიბლიოთეკაში სხვადასხვა ელექტრონული თუ მატერიალურად არსებული წიგნის მოძიებაში, სკაიპის პროგრამით სარგებლობაში.
პროექტის მიზანია, საშუალება მისცეს ადგილობრივ უფროსკლასელებს, გამოიმუშაონ თანამედროვე გარემოში მუშაობისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები, შეძლონ საკუთარი იდეების რეალიზება და ახალ გამოწვევებთან გამკლავება, გაითავისონ კონკურენციის პირობებში საქმიანობის, იდეების გენერირებისა და მათი ეფექტურად განხორციელების უნარები.
პროექტი საქართველოში მოქმედ ყველა საზოგადოებრივ ცენტრში განხორციელდება.