შეხვედრა საჯარო სკოლის დირექტორებთან
დღეს, 25 თებერვალს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებმა მარნეულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დირექტორებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
დღეს, 25 თებერვალს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებმა მარნეულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დირექტორებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრის ძირითადი თემა ინკლუზიური განათლების შესახებ ინფორმაციის მიწოდება იყო, სადაც ორგანიზატორებმა დამსწრე საზოგადოებას განუმარტეს თუ რას გულისხმობს და რატომ არის მნიშვნელოვანი ინკლუზიური განათლება ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
ასევე, შეხვედრაზე განხილულ იქნა შემდეგი საკითხები: მექანიზმები სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდის შესახებ; მოსწავლის შეფასება და საგანმანათლებლო საჭიროების დადგენა; სპეციალური პედაგოგისა და ფსიქოლოგის შტატის დაშვება სკოლებში საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა განათლების უფლების რეალიზებისთვის; რესურს ოთახების აღჭურვის მნიშვნელობა; სპეციფიური სასწავლო სტრატეგიების და მეთოდების შერჩევა საგნების მასწავლებლების მიერ; ინდივიდუალური სასწავლო გეგმების შედგენისა და განხორციელების მნიშვნელობა და მასწავლებლების კვალიფიკაციის ზრდის ხელშეწყობა.
დღევანდელ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სტატისტიკის მიხედვით მარნეულში 48 სპეციალური საჭიროებების მქონე პირია დარეგისტრირებული, რომლებსაც სკოლებში 15 სპეციალური პედაგოგი ასწავლის.
აღსანიშნავია, რომ თითო სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლისათვის სახელმწიფო სკოლას 4200 ლარს ურიცხავს. ამ თანხით სკოლა ბავშვისთვის ქმნის ყველა საჭირო პირობებს. თუ სკოლაში მსგავსი საჭიროებების მქონე ბავშვთა რაოდენობა 7 სულს გადასცილდება, ეს თანხა გაორმაგდება და სპეციალური მასწავლებელთა რაოდენობაც იმატებს.
შეხვედრას ესწრებოდნენ მარნეულის საგანმანათლებლო რესურს–ცენტრის დირექტორი რუსლან გაჯიევი თანამშორმლებთან ერთად , სსიპ –ზურაბ ჟვანიას სახელობის ადმინისტრირების სკოლის მარნეულის რეგიონალური სასწავლო ცენტრის წარმომადგენლები, სკოლის დირექტორები და პედაგოგები.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მსგავსი ტიპის საინფორმაციო შეხვედრები რეგულარულად გაგრძელდება საქართველოს რეგიონებში.